თელყინი
კითხვა: არის თუ არა თელყინის დუა ისლამში მისაღები, ანუ საფლავზე რომ აძახებენ არის თუ არა სწორი?
პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!
თელყინი არაბული სიტყვაა და შეხსენებას ნიშნავს. ისლამის ტერმინოლოგიაში მომაკვდავზე ღმერთის ერთობის და მუჰამმედის (ს.ა.ვ.) შუამავლობის შეხსენებას გულისხმობს. ამის შესახებ საჰიჰ სუნნეთში ბევრი მაგალითი მოგვეპოვება.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) თავის ჰადისებში ბრძანებს: „გარდაცვლილებს لَااِلَهَ اِلَّا الله (არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა) შეახსენეთ!” „ვინც გარდაიცვლება და მისი ბოლო სიტყვა იქნება لَااِلَهَ اِلَّا الله (არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა) ის სამოთხეში შევა.„
მომაკვდავზე, ქელიმეი თევჰიდის, ქელიმეი შეჰადეთისა და იმანის შეხსენებაზე ყველა მეზჰების სწავლული თანხმდება, რომ სუნნეთია. თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ დაკრძალული მიცვალებულის საფლავთან დადგომა და მასზე რამის შეხსენება სწავლულთა სორის სადაო საქმეა. რადგან ამის შესახებ არსებული ჰადისები ყველა სუსტია და მყარ საყრდენს არ წარმოადგენს. ამის გამო სწავლულთა უმრავლესობა ამგვარ თელყინს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მათგან ზოგი ამ ჰადისებს ცრუდ, ზოგიც ასეთ საქმეს ბიდათად მიიჩნევს. თუმცა არსებობენ სწავლულები, რომლებსაც დაკრძალვის შემდეგ თელყინი მისაღებად მიაჩნიათ.
წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!
თეოლოგი: ნოდარ დავითაძე
04 შევვალი 1434 / 10. 08 .2013
|