ზუხრი ახირი
კითხვა: ჯუმა ნამაზი ხომ არის 4 სუნნეთი, 2 ფარძი და 4 სუნნეთი, ხოლო ბოლოს შესრულებული 6 მუხლი რა არის? შუადღის ნამაზის ფარძი და სუნნეთია თუ რა?
პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!
ჯუმა ნამაზის შემდეგ შესრულებულ 6 მუხლი ნამაზის შესახებ არც ყურანში და არც შუამავალის უნაკლო სუნნეთში არ გვხდება მაგალითი. თუმცა შემდგომი პერიოდის მუსლიმთა პრაქტიკაში მსგავს ქმედებებს ვაწყდებით, რაც სხვადასხვა ეჭვებზე და ვარაუდებზეა აგებული. ეჭვი და ვარაუდი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი სწავლულის აზრით ჯუმა ნამაზი აუცილებლად ერთ ქალაქში ან ერთ რაიონში, ერთ მეჩეთში უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იმ ჯამაათის ჯუმა იქნება მიღებული ვინც პირველი შეასრულა ჯუმა ნამაზი, ხოლო შემდგომ შემსრულებელთა ჯუმა ბათილი იქნება. ასეთ ეჭვზე დაყრდნობით ზოგიერთებმა თქვეს, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით პირველებმა ვიილოცეთ თუ არა ჯუმა და ალლაჰის წინაშე მიღებულია თუ არა იგი, მაშინ თავის დასაზღვევად შუადღის ნამაზიც ვილოცოთო. ამგვარად დაინერგა ჯუმის ლოცვის ახალი ტრადიცია რომელსაც თან ახლავს ზუხრი ახირის ანუ დაგვიანებული ევლისა და მისი სუნნეთის ლოცვა. თუმცა ეს არც ალლაჰის და არც მისი შუამავლის ბრძანება არ არის. ჩვენ გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ ალლაჰმა ისლამის რჯული უნაკლოდ და სრულყოფილად მოგვივლინა, შუამავალს არ გამოუტოვებია არცერთი საქმე რაც სამოთხისთან დაგვაახლოებს. მან ამის შესახებ ყველაფერი გვიბრძანა. ასევე შუამავალს არ გამოუტოვებია არცერთი საქმე რაც ჯოჯოხეთთან დაგვაახლოებს. მან ამის შესახებ ყველაფერი აგვიკძალა. ამ რწმენიდან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ ამგვარი საქციელი საჭირო რომ ყოფილიყო იგი აუცილებლად გაგვაფრთხილებდა ამის შესახებ.
წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!
თეოლოგი: ნოდარ დავითაძე
03 რამაზანი 1434 / 11. 07 .2013
|