რამდენად სწორედ ვართ შემოსილნი ნამაზზე ყოფნისას?
დიდება ალლაჰს, რომელმაც სამოსელი გვიწყალობა და შეგვმოსა ლამაზი ფორმით, სალამი და ლოცვა მის შუამავალს, რომელმაც საუკეთესო მაგალითად და ღვთისკენ მიმავალ გზად სუნნეთი დაგვიტოვა!
როგორც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია ნამაზს აქვს 12 ფარძი, ამათგან ექვსი ნამაზის დაწყებამდე შესასრულებელი ფარძია, ექვსი კი ნამაზის დაწყების შემდეგ, თვით ნამაზის შიგნით შესასრულებელი. ფარძი არის აუცილებელებელი საყრდენი რაზეც ნამაზია აგებული. მათგან რომელიმე ერთის შეუსრულებლობაც კი სხვა დანარჩენი 11 ფარძს ფასს უკარგავს და ყველა ერთად თორმეტივე თავიდან შესასრულებელი ხდება. მე არ ვაპირებ ყურადღების თორმეტივე ფარძზე გამახვილებას და სათითაოდ ახსნას, რადგან ეს ყურადღებას გაგვიფანტავს და დაგვაშორებს იმ თემას, რაზეც მსურს რამოდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.
ნამაზის დაწყებამდე შესასრულებელი ექვსი ფარძიდან ერთ-ერთი არის “სეთრი ავრეთი” ანუ სასირცხო ადგილების შემოსვა. განსაკუთრებით მეჩეთში ჯუმა ნამაზზე მოსლ მლოცველთა შორის ბევრ დარღვევას ვაწყდებით, რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ამ მდგომარეობის გამაფრთხილებლად და სწორი ფორმის მასწავლებლად რამოდენიმე სიტყვა დამეწერა.
ჩვენს ჯამაათში ჩაცმულობის მხრივ ძირითადად შემდეგ შეცდომებს ვაწყდებით:
1. სურათებიანი სამოსით ნამაზის ლოცვა: ხშირად გვხვდებიან მეჩეთში ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა მოდელების, მსახიობების და ცხოველების სურათები ან უბრალოდ ცოცხალი არსების სილუეტი აქვთ გამოსახული მაისურებზე, ქუდებზე თუ უნი ფორმებზე.
ასეთი სამოსით შემოსვა არამარტო ნამაზის ლოცვისას არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაც კი მოუწონარი საქმეა. რადგანაც ცოცხალი არსებების ხატვა ჰარამია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძამებს: “ცოცხალი არსებების მხატველთ განკითხვის დღეს ეტყვიან აბა გააცოცხლეთ ისინი რაც შექმენით თქვენი ხელითო და ამგვარად დაისჯებიანი ისინი.” (ბუხარი.)
“ვინც ცოცხალი არსების სურათებს ხატავს და ცდილობს ალლაჰის გაჩენილს მიამსგავსონ საკუთარი ნახელავი, ისინი განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან.” (ბუხარი და მუსლიმი.)
მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთში არამარტო ცოცხალი არსებების ხატვაა აკრძალული არამედ მისი განადგურებითაც ვალდებულნი ვართ. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თავის ბიძაშვილს ალის (რ.ა.) ასე უბრძანა:
“ალი! გაანადგურე ყველა კერპი და სურათი.” (მუსლიმი.)
ასევე კიდევ ერთ ჰადისში იგი ასე ბრძანებს: “ცოცხალი არსებების სურათები დახიეთ და გაანადგურეთ.” (მუსლიმი.)
როდესაც შუამავალი ცოცხალი არსების ხატვას გვიკრძალავს და მისი განადგურებისკენ მოგვიწოდებს, როგორ შეფასდება ჩვენი საქციელი როდესაც სურათებიან სამოსელში ფულს ვიხდით და ამით ნამაზის ლოცვა გვწადია? ნუთუ სულ არ გვადარდებს თუ როგორ შეგვიფასებს გამჩენი ჩვენს ასეთ საქციელს, მის წინაშე ასე გამოწყობილი წარსდგომას?
ჰანეფი მეზჰების ფიკჰის “ალ-ჰიდაე” სახელობის ნაშრომში ნახატებიანი სამოსით ნამაზის ლოცვის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ:
“ნამაზის ლოცვისას ვინმემ ცოცხალი არსების სურათის მქონე სამოსი რომ ჩაიცვას ის ამ მდგომარეობით კერპის მატარებელს ემსგავსება, რის გამოც ასეთი საქციელი მექრუჰია. თუმცა მიუხედავად ამისა ნამაზის პირობები თუ დაცულია ასეთი ნამაზი მაინც შესრულებულად ითვლება.[1]
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიის მიერ აბდულაზიზ ბინ ბაზის მეთაურობით გაცემულ ფეთვაშიც შემდეგს ვკითხულობთ:
“ადამიანის ან ცხოველის სურათიანი სამოსელით შესრულებული ნამაზი მიღებულია, თუმცაამასთანავე ეს პიროვნება ცოდვას სჩადის.”[2]
2. დახეული და მოკლე სამოსელით ნამაზის ლოცვა: მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ურწმუნოებზე მიბძვით მოდაში შემოვიდა დახეული ჯინსები, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ბაძავს და მას ეს კარგ საქციელად მიაჩნია, ისინი იმდენად უგულისყურონი არიან, რომ ნამაზზე დადგომისასაც კი ავიწყდებათ მისი შეცვლა. არა და ნამაზის მლოცველ მამაკაცს სეთრი ავერთის ფარძი შესრულებულად რომ ჩაეთვალოს, მას ჭიპიდან მუხლების ჩათვლით სხეული დაფარული უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ ჩვენი ჯამაათი დღეს მუხლ გამოგდებულ მლოცველთა რიცხვის მატებას განიცდის. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოკლე მაისური ან პერანგი აცვიათ და სეჯდეს შესრულებისას სხეულის არასასურველი ადგილები შიშვლად რჩება. ასეთი პიროვნება ორმაგად ცოდვას ჩადის, ერთი ის რომ ნამაზზე სეთრი ავერთის ფარძს არასაკმარისად ასრულებს მეორე ის რომ საფში მის უკან ან მის გვერდით მყოფებთან საკუთარ ავრეთს ანუ შესახედად აკრძალულ ადგილებს აჩენს.
ნამაზზე ავრეთის გამოჩენის შესახებ ჰანეფი მეზჰების ფიკჰში შემდეგს ვკითხულობთ: ნამაზზე ყოფნისას პიროვნებას წინა და უკანა მკაცრად დასაფარი ორგანოების ზონიდან ერთი მეოთხედი ნაწილი რომ გამოუჩნდეს, ან ამ ზონის გარდა შედარებით უფრო მსუბუქად დასაფარი ზონიდან მცირე ნაწილიც რომ გამოუჩნდეს და ამ ორგანოების გამოჩენა საკუთარი ნებითაც რომ არ მოხდეს თუ მისი ხანგრძლივობა ნამაზის ერთი მოქმედების შესრულების ტოლი დროით გრძელდება მაშინ ნამაზი მოიშლება. ასევე თუ პიროვნება ნამაზზე ყოფნისას თავისი ნებით გამოაჩენს საფარველ ადგილს თუნდაც რომ ამის ხანგრძლივობა ნამაზის ერთი მოქმედების შესასრულებლად საჭირო დროზე მცირე ხნით მოხდეს ნამაზი აუცილებლად მოიშლება. ნამაზის დაწყებამდე საფარველი ადგილების ერთი მეოთხედი თუ გამოჩენილი ექნება ასეთ შემთხვევაში ნამაზის დაწყება აკრძალულია.
მოკლე პერანგის მქონე შეიძლება შეგნებულად არ აჩენდეს ავრეთს თუმცა დახეული ჯინსების მქონეზე ხომ საუბარი ზედმეტია.
3. ვიწრო სამოსელით ნამაზის ლოცვა: სამწუხაროდ ეს ჩვენში ყველაზე გავრცელებული არასწორი შემოსვის ფორმაა. მუსლიმ კაცსაც და ქალსაც საკმაოდ განიერი სამოსი უნდა ემოსოს, ისე რომ სხეულის ნაკვეთები ტანსაცმელში გამოკვეთილი არ უნდა იყოს.
4. გრძელი სამოსელით ნამაზის ლოცვა: მუსლიმის სამოსის სიგრძე კოჭებს არ უნდა ცდებოდეს. სამწუხაროდ ესეც ძალიან გავრცელებული არასწორი შემოსვის ფორმაა. ხშირად წავაწყდებით მეჩეთში მლოცველებს, რომელთა შარვლის ბოლოები ძირს ეთრევა და ხშირ შემთხვევაში ის ადგილები გაცვეთილი აქვთ, რაც ძირს ეთრევა.
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა: მუსლიმის იზარი[3] (სამოსელი) ფეხების ნახევარს უნდა წვდებოდეს. ამასა და კოჭებს შორის მონაკვეთში თუ იქნება (მისი სიგრძე) ცოდვად არ ითვლება, მაგრამ კოჭებს ქვემოთ ჩასული ნაწილი ცეცხლშია. ვინც სიამაყით სამოსელს (ძირს) ათრევს ალლაჰი განკითხვის დღეს მას მოწყალებით არ შეხედავს."[4]
შესაძლებელია, ვინმეს ერიდებოდეს, ერცხვინებოდეს მოკლე შარვლის ჩაცმა, რადგან დღეს ასე არ არის მოდაში, დღეს საზოგადოების უმრავლესობა ასე არ იცვამს, შესაძლებელია ვინმეს გაუკვირდეს ან ვინმემ დაგვცინოს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ და გავაანალიზოთ ის საკითხი თუ ვისი კმაყოფილებისთვის და ვისი გულის მოსაგებად ვიღწვით ჩვენ? ჩვენთვის რა არის მთავარი ხალხის კმაყოფილება თუ გამჩენის? მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთი გვირჩევნია თუ ურწმუნოების მაგალითად აღება და მათი მოდის კვალდაკვალ სვლა?
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს:
“თქვენ თქვენს წინ მყოფთა გზას ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვებით. რომელიმე მათგანი ხვლიკის სოროში რომ შეძვრეს თქვენც იქ შეხვალთ. იქ მყოფებმა იკითხეს: ალლაჰის შამავალო, ებრაელებსა და ქრისტიანებს მივბაძავთ ჩვენ? შუამავალმა: აბა სხვა ვინ იქნება, სხვა ვის უნდა ვგულისხმობდე?”[5]
მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ აი, სწორედ რომ ეს ხალხი ჩვენ ვართ, ჩვენი დროის მუსლიმებზე ამბობდა შუამავალი და აფრთხილებდა თავის უმმეთს, რომ არ ყოფილიყვნენ მათგანი. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ჩვენ ყოველ ნამაზზე ვევედრებით გამჩენს: დაგვაყენე სწორ გზაზე, იმათ გზაზე ვისაც წყალობა უყავ და ვისგანაც შენ ხარ კმაყოფილი, ანუ საჰაბების გზაზე, და ნუ დაგვაყენებ გზააბნეულთა და შერისხულთა გზასო. თუმცა ეს ჩვენი ვედრება მხოლოდ ხმაა რომელსაც გამოსცემს ჩვენი ბაგეები და არა გულისთქმა, რომელსაც გვავალებს ჩვენი გამჩენი. არც შუამავალსა და საჰაბებს ვღებულობთ მაგალითად, რომ დაგვაყენოს ალლაჰმა სწორ გზაზე და არც გზასაცდენილთა და შერისხულთა მოდას ვიწუნებთ, რომ დაგვიფაროს ალლაჰმა მათი ავი გზისგან და იმ განსაცდელისგან, რაც მათ იწვნიეს ამ გზაზე.
სიკეთე მთლიანად მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) უნაკლო სუნნეთზე მორჩილებაშია, სიავე კი სუნნეთის საპირისპირო ქმედებებშია.
ღმერთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და გვატარე მართალი გზით, ასევე შეგვაგნებინე ბათილი ბათილად და გვარიდე ის!
თეოლოგი: ნოდარ დავითაძე
[1] el-Merğînânî, el-Hidâye Şerhu Bidâyeti’l-Mübtedî, Kahraman Yayınları, İstanbul, 1986, c: 1, s: 64.
[2] ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ’დააიმე 1/1/589.
[3] მამაკაცის სამოსი, რომელიც მხრებიდან ფეხების ჩათვლით ფარავს მთელ სხეულს.
[4] მუვატტა, ლიბას 12, (2, 914, 915); ებუ დავუდ, ლიბას 30, (4093); იბნუმაჯე, ლიბას 7, (3573).
[5] იბნი მაჯე, ფითენ, ჰ.ნ. 3994.
|