სტატიები
თავსაფარი ტყვეობის სიმბოლო კი არა უმწიკვლობისა და უბილწობის სიმბოლოა
 
      ისლამის რელიგიის მიხედვით თავსაფრის ტარება უზენაესის ბრძანებაა და ამ ბრძანებას მორწმუნე ქალები ნებაყოფლობით ასრულებენ. საერთოდ, რწმენასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ნებაყოფლობითია და ძალდატანების უფლება არავის არ აქვს. აქედან გამომდინარე, ძნელია გაგება იმისა, თუ პიროვნება როგორ შეიძლება ჩაითვალოს ტყვედ თუ ის უფლის ნებას ასრულებს? ქართველები ქალს ხომ მანდილოსანს უწოდებენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მანდილის მატარებელს ნიშნავს. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ესეიგი მანდილოსანი, ანუ ქალი, რომელიც მანდილს ატარებს ჩაგრული ტყვეა?!
ყურანში თავსაფრის ტარების შესახებ ორ აıეთშია ნაბრძანები, აღნიშნულ ინფორმაციას ემატება წმინდა შუამავლის ქადაგებები და მისი თანამედროვეების მიერ მონათხრობი ამბები. 
ნურ სურას 31-ე აიეთში ვკითხულობთ: “მორწმუნე ქალებს უთხარი: თვალები აკრძალულზე მზერას მოარიდონ, სასირცხო ადგილები დაიფარონ, მორთულობებს ნუ გამოაჩენენ გარდა იმისა, რაც თავისით ჩანს და თავსაფრები მკერდის ჩათვლით კარგად გამოიკრან.”
    وَلْيَضْرِبْنَ بِخُمُرِهِنَّ عَلَى جُيُوبِهِنَّ (თავსაფრები მკერდის ჩათვლით კარგად გამოიკრან) ამ აიეთის ზემოვლინებამდე ქალები ძირითადად თავსაფარს ატარებდნენ, მაგრამ ყელი და მკერდი ღიად ჰქონდათ. ხსენებული აიეთის მიხედვით კი ქალებს თავსაფრები თავთან ერთად ყელზეც უნდა შემოეკრათ და მკერდზეც ჩამოეფარებინათ. მოცემულ აიეთში სამი ძირითადი სიტყვაა ნახმარი, რაც თავსაფრის გამოყენების წესებისა და ნორმების დასადგენად და გასაცნობად მნიშვნელოვანია:   وَلْيَضْرِبْن(ველ-ıედრიბნე),  بِخُمُرِهِنّ (ბი-ხუმური-ჰინნე) და   جُيُبِهِنَّ (ჯუიუბი-ჰინნე).
    ضَرَبَ (დარბ, დარაბა) პირდაპირი მნიშვნელობით დარტყმას, შემორტყმას ნიშნავს, რაც საქმის სერიოზულობასა და სიმტკიცეზე მიგვითითებს. ამის მიხედვით, თავსაფარი უბრალოდ მოხვეული კი არა მტკიცედ უნდა იყოს გამოკრული. ეს სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით ყურანის სხვა აიეთებშიც არის გამოყენებული.
სიტყვა جُيُب  (ჯუიუბ) კი جَيْب (ჯეიბ) სიტყვის მრავლობითის ფორმაა და არაბულად მკერდს ნიშნავს.
     აიეთში თავსაფრის მნიშვნელობის მქონე სიტყვაა خُمُر (ხუმურ), რაც خِمَار (ხიმარ) სიტყვის მრავლობითის ფორმაა და خَمْر (ხამრ) ფუძისგანაა ნაწარმოები და რაიმეს დახურვას ან დაფარვას ნიშნავს. არაბთა კულტურაში სიტყვა خِمَار (ხიმარ) როგორც ქალის თავსაფარი ისეა გავრცელებული, მსგავსად საქართველოში - მანდილისა. სიტყვა خِمَار (ხიმარ) ძველ ლექსიკონებში ასეა განმარტებული: الخمار للمرأة وهو النصيف  ხიმარი ქალებისთვისაა განკუთვნილი და ის არის თავსაფარი.
    უზენაესი მორწმუნე ქალებს  სხვა აიეთის მიხედვით თავსაფრის ტარებისკენ ასე მოუწოდებს: “ო შუამავალო! შენს ცოლებს, ქალიშვილებსა და მორწმუნეთა ცოლებს უთხარი: გარეთ გასვლისას მოსასხამი (ჯილბაბი) მოისხან. ამგვარი საქციელით მათ (ნამუსიან, პატიოსან ქალებად) ცნობენ და არ შეაწუხებენ. ალლაჰი მოწყალე და მპატიებელია.” (სურა აჰზაბ, 59-ე აიეთი)
    ჯილბაბი ერთგვარი მოსასხამია, რომელსაც მუსლიმანი ქალები სახლიდან გარეთ გასვლისას მოისხამენ ხოლმე და ის თავიდან ფეხებამდე მთელ სხეულს ფარავს, რაც ხელს უწყობს სხეულის ნაკვთების დაფარვას და საპირისპირო სქესის ბოროტი მზერის მოგერიებას. ჯილბაბის შესახებ არსებობს ორი ვერსია. ერთი ვერსიის თანახმად, ჯილბაბი სახესაც უნდა ფარავდეს, მხოლოდ თვალები უნდა უჩანდეს, მეორე ვერსიის თანახმად კი სახის დაფარვა საჭირო არაა, რადგან სახე პიროვნების იდენტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაფარვის შემთხვევაში პიროვნება ფარული და უცნობი ხდება.
გარდა ზემოთ მოყვანილი აიეთებისა, თავსაფრის შესახებ არსებობს წმინდა შუამავლის რჩევები და მისი თანამედროვეების გადმოცემები, რაც ეჭვს არ ბადებს, რომ თავსაფრის ტარება მორწმუნე ქალებისთვის ისლამის ერთ-ერთი ბრძანებაა. ამ გადმოცემათაგან ერთია:
1 “ალლაჰის შუამავალმა აბრეშუმის სამოსი მოიტანა. ერთი სამოსი ომარს გაუგზავნა, ერთი უსამე ბინ ზეიდს და ერთიც ალი ბინ ებუ ტალიბს მისცა და უთხრა: (شققها خمرا بين نسائك) ქალებს თავსაფარისთვის გაუყეო. საღამოს უსამე იმ სამოსში გამოწყობილი შუამავალის წინაშე გამოვიდა, შუამავალმა მას უჩვეულოდ შეხედა. უსამე მიხვდა, რომ მისი საქციელი არ მოეწონა და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო, ასე რატომ მიყურებ, ეს სამოსი ხომ შენ გამომიგზავნე. შუამავალმა ასე ბრძანა: ეგ სამოსი შენთვის ჩასაცმელად კი არა, ქალებს თავსაფრებისთვის გაუყე-თქო, იმისთვის გამოგიგზავნე (لتشققها خمرا بين نسائك). (მუსლიმი, სამოსი-7/2068) 
   2 წმინდა აიშე წმინდა შუამავლის ასეთ ნათქვამს გვამცნობს: “(لا يقبل الله صلاة حائض إلا بخمار) ალლაჰისთვის უთავსაფრო ქალის ნალოცი ნამაზი მიუღებელია” (ებუ დავუდ ნამაზი-58/641)
   3 წმინდა აიშე გვამცნობს, იმის შესახებ თუ როგორ მიიღეს იმდროინდელმა ქალებმა პირველად თავსაფრის ტარების შესახებ უფლის მიერ ნაბრძანები: “ალლაჰის წყალობა ნუ მოჰკლებოდეთ მექადან მედინაში გადმოსახლებულ ქალებს (მუჰაჯირებს), როდესაც “თავსაფრები მკერდის ჩათვლით კარგად გამოიკრან”, აიეთი ზემოევლინა უზენაესისგან, მათ ფეშტამლები დაჭრეს და მისგან თავსაფრები გაიკეთეს.”
    ისლამში თავსაფარი ღვთის მორჩილების დასტურია და ერთგვარი ღვთისმსახურებაცაა. არცერთი ღვთისმსახურება არ ითვლება მონობად და ტყვეობად და ვითომ რატომ არიან მუსლიმანი ქალები ტყვეობაში და შეზღუდულნი? იმიტომ, რომ მანდილს ატარებენ?..
 რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ყურანი არ მოითხოვს მორწმუნე ქალებისგან თავსაფრის ტარებას ეს პირდაპირ უპატივისცემულობაა როგორც ყურანისთვის, ასევე თავსაფრის ნებაყოფლობით მატარებელი ქალებისთვისაც. ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი აიეთები და გადმოცემები სწორედ იმას  ცხადყოფს, რომ ისლამის რელიგიის მიხედვით თავსაფრის ტარება სწორედაც, რომ ნაბრძანებია. იმ პერიოდში როდესაც ქალების მიერ თავსაფრის ტარების ამსახველი აიეთები ზემოევლინა უფლისგან, წმინდა შუამავალმა თავის ქადაგებებშიც ამის შესახებ საჭირო განმარტებები გააკეთა და არავის არ უარყვია ეს, პირიქით, ყველა მორწმუნე დაემორჩილა, რაც კარგად ჩანს წმინდა შუამავალის თანამედროვეების მიერ  მონათხრობებში.
   და ბოლოს კიდევ ერთხელ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ  ისლამის რელიგიის მიხედვით თავსაფრის ტარება  ღვთისმსახურების ერთგვარი ფორმაა და ღვთისმსახურება კი არ უნდა ნიშნავდეს ტყვეობას!

 
მოამზადა ნოდარ დავითაძემ
 
 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 23 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol